„არანაირი სინანული“ - პოლიტიკოსებმა სასამართლოში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასეს

„ქართულ ოცნებაში“ ექსპრეზიდენტს უწოდეს ცინიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კვლავ გააგრძელებს მართვას ისე, როგორც ადრე მართავდა
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მსგავსად მკაცრად გააკრიტიკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასამართლოში.
სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: აქციის დაშლის დირექტივა არავისთვის მიმიცია
ორშაბათს სააკაშვილი პირველად დაესწრო თავის სასამართლო პროცესს. ამჯერად იხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საქმე. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„სააკაშვილს ერთი ნატამალი სინანული არ წამოცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას... არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის“, - დაწერა თავის Facebook-გვერდზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას არავისთვის არანაირი ინსტრუქციები არ მიუცია, ყველაფერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, თავად კი მოვლენებს ტელევიზორით ადევნებდა თვალს. ამასთან, თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, სააკაშვილმა მიუძღვნა საქართველოს მიღწევებს მისი პრეზიდენტობის პერიოდში და დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სააკაშვილს ცინიკოსი უწოდა.
„იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს და თქვას, შეცდომა დავუშვი, ტრაგედია იყო და არ უნდა განმეორდეს, ახლა გადაბრალებები სხვაზე დაიწყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზარქუამ.
ოპოზიციის ახალი ბრალდებები – სააკაშვილს ე.წ. „კუპოლის“ სისტემით ასხივებენ
ხელისუფლების წარმომადგენელთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია სააკაშვილის კომენტარმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა ამნისტიის თაობაზე. გირგვლიანის საქმეს საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდშივე დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, „არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს“.
„ახალი არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა დაადასტურა - რა სადისტიც იყო ადამიანური თვალსაზრისით, მასში არაფერი შეცვლილა. საკმარისია რაღაც სადავე ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე მეთოდით და კიდევ უარესით გააგრძელებს ცხოვრებას“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
როგორ ცდილობდნენ სააკაშვილის მომხრეები თბილისის სასამართლოს დაბლოკვას – ვიდეო
2007 წელს აქციის დარბევის საქმე ეხება სამ ეპიზოდს - უშუალოდ მომიტინგეების დარბევას თბილისის ცენტრში, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეჭრას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებას.
ყოფილ პრეზიდენტს უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. ამჟამად, 7 ნოემბრის აქციის დარბევის გარდა, იხილება კიდევ ორი საქმე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ.