თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საარჩევნო უბნების 93%-ის წინასწარი მონაცემებით, ყირგიზეთის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა, განაცხადა რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნების წინასწარი მონაცემებით, პირველ სამ ადგილზე გავიდნენ პროსახელისუფლებო პარტიები - „ატა-ჟურტ ყირგისტანი“ („სამშობლო ყირგიზეთი“) 16,85%-ით, „იშენიმი“ („რწმენა“) 13,5%-ით და „ინტიმაკი“ („ჰარმონია“) - 10,81%. მათ მოყვება ორი ოპოზიციური პარტია: „ალიანსი" – 8,23% და „ბუტუნ ყირგისტანი" („ერთიანი ყირგიზეთი") – 7,64%. ექვსეულის ბოლო ადგილზეა ნაკლებად ცნობილი პარტია „იმან ნურუ“ („რწმენის სხივი“).
ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით პირველად ჩატარდა. 54 მანდატისთვის იბრძოდნენ პარტიული სიების კანდიდატები, კიდევ 36 ადგილისთვის - კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში. ავტომატური მთვლელი საარჩევნო ურნებიდან მიღებული წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მაგრამ საბოლოო შედეგებს ცესკო მხოლოდ ხმების ხელით დათვლის შემდეგ გამოაცხადებს.
ეს არჩევნები ყირგიზეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის არჩევის მეორე მცდელობაა. წინა კენჭისყრის შედეგები, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა, ცესკომ გააუქმა არეულობის ფონზე, რომელმაც პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომა გამოიწვია.