„კეთილდღეობა და ბედნიერება“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და „კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება“ უსურვა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები, თორას კანონის მიხედვით, იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ათასწლიანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს საქართველოს აღმშენებლობაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.
ებრაული კალენდრით, ხანუქა იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე.
6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.
შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.