თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული კომპანიის - ff.k Public Relations მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა იყო. მას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
უწყების ცნობით, გერმანულ კომპანიას f.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 6% შეადგინა.