თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის ქალაქ უფაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველომ საჩემპიონო გზაზე ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაამარცხა.
ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველოს ნაკრებმა ავსტრია ანგარიშით 4:0 დაამარცხა, საფრანგეთს 4:2 მოუგო და ამავე ანგარიშით სძლია თურქეთის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე.
ფინალურ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტები ნიდერლანდელ სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა საბა ინანეიშვილმა გამარჯვებით დააგვირგვინა. გუნდებს შორის ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ინანეიშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე იპონით დაამარცხა. საბოლოო ანგარიში 4:3 დადგა.
საქართველოს შერეული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ:
მამაკაცები: ფრიდონ გიგანი და ალეკო მამიაშვილი (ორივე -73 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ), გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +93 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე -70 კგ), სოფია სომხიშვილი (+70 კგ).
აღსანიშნავია, რომ ძიუდოს შერეულ გუნდებს შორის ეს საქართველოს ნაკრების პირველი ტიტულია.