თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დღეს ტყიბულში ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა და ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ-ერთი, 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ის ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.
44 წლის მამაკაცის ადგილმდებარეობას ცოტა ხნის წინ მიაგნეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
რაც შეეხება ტურძილაძეს, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინასწარი შეფასებით, მისი დაზიანება საშუალო სიმძიმისაა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მაშველები ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.