1,5 მილიონი ლარის უკანონო კრედიტი – დაკავებულია სამი პირი

ბრალდებულები 2019-2021 წლებში კრედიტის მისაღებად ყალბ სახელფასო ცნობებს ამზადებდნენ. დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი პირი მისცეს, რომელთაგან სამი დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2019-2021 წლებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკიდან 58-მა მოქალაქემ უკანონოდ მიიღო კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობაც 1,5 მილიონ ლარს აღემატება.
შვიდმა პირმა საგურამოსა და ჭოპორტში 13 მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდებია ამოღებული.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.