თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი იმყოფება.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების 0.3%-ს დაუდასტურდა.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი იმყოფება.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.