თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მერვედ დამარცხდა.
შეჯიბრების მეთორმეტე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, დასავლეთის მე–16 მაეგაშირა სადანოუმისთან წააგო.
ეს წაგება ნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს უკვე იმპერატორის თასის ზედიზედ მეექვსე ტურნირია, სადაც გორგაძე დადებით ბალანსს ვერ აღწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტოჩინოშინმა წელის ტრავმა მიიღო და ტურნირის პირველ ოთხ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეს ბრძოლები მას წაგებაში ჩაეთვალა.
კიუშუ ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინს რაგში დაქვეითება ელოდება. უფრო მეტიც, თუ ის დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან თუნდაც ერთს ვერ მოიგებს, პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს – მაკუუტის დატოვებს.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება.