მოპედებისა და კვადროციკლებისთვის მართვის მოწმობის ახალი კატეგორია დადგინდა

მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად, მართვის მოწმობის ახალი კატეგორია AM დადგინდა, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება
საქართველოს პარლამენტმა კანონპრპექტს მესამე მოსმენით 17 ნოემბერს დაუჭირა მხარი.
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
„იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, მას მოუწევს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში მოპედის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.
ცვლილებების თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. კერძოდ, სავალდებულო გახდება როგორც მოპედის რეგისტრაცია, ასევე ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.
მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.