ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი სასამართლოს დაესწროს

ევროკავშირის ელჩი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებების დაცვის საკითხს.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სასამართლო პროცესებზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დასწრება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
კვირის დასაწყისში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა შეიძლება მისი სასამართლო პროცესებზე დასწრების საფუძველი გახდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ შემდეგი სხდომა ექს–პრეზიდენტის საქმეზე 2007 წლის 7 ნოემბრს მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებით 29 ნოემბერს დანიშნა.
„სასამართლო პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი იმპულსი, რომელიც ვიხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ ამ იმპულსის შენარჩუნება სწორი მიმართულებით წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.
მისი თქმით, სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დამთავრდა.
ევროპარლამენტარი: იმედია, სააკაშვილი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას
„ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას მის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე სათანადო სამართლებრივ პროცესს“, – აღნიშნა ელჩმა.
სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ექს–პრეზიდენტი დაესწრება სასამართლოს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს.
სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ ის შეძლებს სასამართლოში დასწრებას, თუმცა პროგნოზის გაკეთება ძნელია.
სააკაშვილი მის გასათავისუფლებლად საინიციატივო ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოდის
სააკაშვილი ამჟამად 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.