COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს, რადგან კოვიდ-გადატანილ პირებში ბუნებრივი იმუნიტეტი ექვსი თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ PalitraNews-ის ეთერში.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის“ მფლობელი გახდება პირი, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება
ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ–პასპორტი უვადო იქნება. აღნიშნულ ტესტთან ერთად კი იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

„საერთოდ წარმოუდგენელია უვადო პერიოდზე საუბარი, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ინფექციის გადატანიდან 6–8 თვის შემდეგ ორგანიზმის დაცვითი უნარი იკლებს და რეინფიცირების რისკი იზრდება. ამიტომაც კოვიდ-პასპორტის მოქმედება სწორედ ამ ვადით – ექვსი თვით უნდა განისაზღვროს.
„ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში... საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილება დიამეტრალურად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ექსპერტმა.
სავალდებულო ვაქცინაცია
ჩხაიძემ „მწვანე პასპორტების“ შემოღებას დროული და აუცილებელი ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
„ეს იმ ადამიანების ერთგვარი წახალისებაა, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს. ეს სწორია და აუცილებელი, და რაც უფრო გაფართოვდება ჩამონათვალი, რომლითაც „მწვანე პასპორტების“ მქონე პირები ისარგებლებენ, მით უკეთესი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შეხვალთ
მისი აზრით, ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.
„ადრე თუ გვიან, ალბათ, ჩვენც მოგვიწევს სავალდებულო ვაქცინაციის კომპონენტის დამატება. ეს არაპოპულარული გზაა, რომელსაც ბევრმა ქვეყანამ მიმართა. სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფების, მედპერსონალისაც კი – ყველაზე უბრალო და ლოგიკური ნაბიჯია. მე არ მომინდებოდა იმ ექიმთან მისვლა, რომელიც ვაქცინირებული არაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,1 მლნ აცრა.