თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. რუსეთში იმედოვნებენ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის პრესსამსახურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის სატრანსპორტო სფეროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა.
„რუსეთის მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებას, ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების პროცესის განახლებისთვის პირობების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ არსებობს მხარეთა ნება, ურთიერთთანხმობის პრინციპის საფუძველზე მოაგვარონ პრობლემები, დაკავშირებული ქართულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან მოსკოვში და რუსულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან თბილისში.
რუსეთის მხარემ საქართველოს ყურადღება მიაპყრო იმ შესაძლებლობებისკენ, რომლებიც 3+3 ფორმატის (აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ინიცირებული რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმი - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო პლუს რუსეთი, ირანი, თურქეთი) კონტექსტში შეიძლება გაჩნდეს ამიერკავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების გახსნის კუთხით.
გარდა ამისა, „მიღწეულია შეთანხმება 2022 წელს კარასინისა და აბაშიძის მომდევნო, პირისპირ შეხვედრის თაობაზე, თუ ამის შესაძლებლობას მხარეებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს“, აღნიშნულია რელიზში.