საქართველო–უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
შეხვედრა თბილისის „სპორტის სასახლეში“ 26 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ tkt.ge-ზე. ბილეთის ღირებულება 20 ლარია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, მოქმედი კოვიდ-შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩს გულშემატკივრების 30%, ანუ 3.200 ადამიანი დაესწრება.
ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
მსოფლიო-2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა შეიტყო
„სპორტის სასახლის“ ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და იყოს პირბადით.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს. შემდეგ შესარჩევ ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები გავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.