პროკურატურა: ნიდერლანდის მოქალაქეს დაქორწინების დაპირებით 57.810 ევრო ჩაარიცხინეს

Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ჰაკერულად შეაღწიეს კატარის კომპანია NASSER BIN KHALED AND SONS TRADING CO-ს ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლებში ამ კომპანიას 189.465,5 აშშ დოლარი მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე გადმოარიცხინეს, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნეს გამოგონილი პიროვნების გვერდი და კავშირი დაამყარეს ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქესთან. მათ დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მასთან Facebook-ით კომუნიკაციაში მყოფი პირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში, კერძოდ, იემენში დასაქმებული ექიმი იყო, რომელიც დამსაქმებელთან შრომითი კონტრაქტის გაწყვეტას და მასთან ოჯახის შექმნას გეგმავდა. არარსებული ექიმის თითქოსდა საშვებულებო საკითხების მოსაგვარებლად თაღლითებმა ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქეს 2020 წლის სექტემბერში 57.810 ევრო საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
მოგვიანებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოპოვებული თანხის ნაწილის ლეგალიზების მიზნით „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით საკუთარ საბანკო ანგარიშზე განათავსა და პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა 8.100 ევრო.
ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.