COVID-19 - ბოლო ცნობები

ვინ და რამდენით დაჯარიმდება კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში

საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. რესტორნები, თეატრები, მუზეუმები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები მზადყოფნას გამოთქვამენ.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ კომერციული ობიექტი, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შრომის ინსპექციის სამსახურში.
ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე 2 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი „მწვანე პასპორტის“ წარდგენის გარეშე მომხმარებლის ობიექტში შეშვებისთვის – 10 ათასი ლარით.
„დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ობიექტი და არა კოვიდ-პასპორტის არმქონე მოქალაქე“, – განაცხადეს უწყებაში.
თუ კომპანია სისტემატურად დაარღვევს რეგულაციას, აღნიშნული ქმედება გახდება ობიექტის მუშაობის დროებით შეჩერების საფუძველი.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
რესტორატორები „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებისთვის მზად არიან
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში.
22 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.097.159 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.107.557 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 39,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 980.213 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 21 ნოემბერს აიცრა 1.644 ადამიანი.