„ვარდები ხელჯოხით შეიცვალა“ – „ქართულ ოცნებაში" „ვარდების რევოლუცია" შეაფასეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ყოფილი მმართველი პარტია ხალხის იმედგაცრუებაში დაადანაშაულეს
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. „ვარდების რევოლუციის" ავტორებმა არ გაამართლეს ხალხის იმედები უკეთესი ცხოვრების შესახებ, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენის შეფასებისას.
„ცოცხალი ჯაჭვი“ თბილისის ცენტრში: 18 წელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ – ვიდეო
იმ დღეს ოპოზიციის მასშტაბურმა აქციებმა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა გამოიწვია. რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. დღეს სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა, სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის.

„ვარდების რევოლუციას" საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე „ვარდების რევოლუცია" და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი. მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე უარი უთხრა „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელებს.
ნათელაშვილმა საქართველოს „ყველა უბედურების" მიზეზი დაასახელა
„საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრა ამ მოძრაობას, ვინაიდან ამ ადამიანებმა თუკი რაიმე შეიძლება ჩაედინათ იმ 9 წელში, ჩაიდინეს ყველაფერი. ამიტომ პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, იყო ინტერესი, თუმცა, მოლოდინები არათუ არ გაამართლეს, მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 2012 წლის შემოდგომამდე იყო. იმ წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მთავრობაც მანვე ჩამოაყალიბა. მოგვიანებით კოალიცია დაიშალა და ყველა მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციის წამყვანმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.

„ვარდების რევოლუცია“

ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დაცვის თანხლებით დარბაზის დატოვება აიძულეს.
სახალხო დამცველი: უზრუნველყავით სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება
შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად ჯარს და პოლიციას მოუწოდა. თუმცა, პოლიციის ელიტურმა ქვედანაყოფებმაც კი უარი თქვეს მას მხარდაჭერაზე.
გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან (ექს–პრემიერი) მოლაპარაკებები გამართა, რათა მათთან შექმნილი რთული ვითარება განეხილა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.