თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული კონსილიუმის ექიმები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საწოლიდან წამოყენებას და მასთან ერთად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას შეეცადნენ, განაცხადა პაციენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა ნინო შარაშენიძემ.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ამჟამად ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
„ფიზიკურად გაცილებით აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. გადაადგილება აუცილებლად გაუჭირდებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიმშილობის ეს კონკრეტული ვადა. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა“, – განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.
„იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია“, – განაცხადა შარაშენიძემ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც მოიხდის ექვსწლიან პატიმრობის სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საქმე განიხილება. ერთ-ერთ საქმეზე პატიმრობის მაქსიმალური ვადა ცხრა წელია.