საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები იკრიბებიან

საქართველოში ასევე გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა საბჭოს 57-ე სესია.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 24-26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად 43 ქვეყნიდან ზეთისხილის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ.
საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ნოემბრის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.
საქართველოში სესიის ფარგლებში გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომა.

„საქართველოს ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. იმავდროულად ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.
საქართველოში ზეთისხილის მოსავლიანობა გაიზარდა
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2020 წლიდან ერთი წლის ვადით საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
შვიდი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გაშენდა, პროდუქციის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.