თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეები, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლის ვადით პატიმრობა, უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
პარტია „:სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალია დროებითი ნორმის შემოღება, რომლის თანახმად უცხოელმა მოსამართლეებმა, რომლებსაც, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვთ, განიხილონ ეს საკითხი დახურულ რეჟიმში. მისი აზრით, უნდა გადაიხედოს საქმეები, რომელთა მიხედვით უკვე აღიარებულია სააკაშვილის ბრალი.
დეპუტატის თქმით, ქართული სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდობლობის გამო სპეკულაციის საგანი გახდება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნა, რომ განაჩენი სააკაშვილის საქმეებზე უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა გამოიტანონ, ნოემბრის დასაწყისში პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე იყო. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალისტების ჯგუფი, რომლებსაც უცხოელი მოსამართლეები დააკომპლექტებენ.
ქართული კანონმდებლობა ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, განაცხადა ადვოკატმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. და მაინც, სასამართლო მოსმენებზე უცხოელი სპეციალისტების ჩართვა ერთგვარი ექსპერიმენტი შეიძლება გახდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი მოსამართლეების ჩარევა არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ გახდება, რადგან მართლმსაჯულების მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.