იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს

ჩვენ აუცილებლად დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მომავალში სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა შესაძლოა სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების საფუძველი გახდეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხება, მორიგი სხდომა 29 ნოემბერს დანიშნა.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი ეთქვა ორი ფაქტორის გამო – ესაა უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოქტომბრის ბოლოს აღძრა სისხლის სამართლის საქმე – „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაციებს ელოდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მთავარი ამოსავალი პრინციპი. ბუნებრივია, ეს არის საფუძველთა საფუძველი. აქ ჩვენ თეორიულ რისკსაც ვერ დავუშვებდით, შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთა: სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება
ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში შიმშილობის დაახლოებით 2 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანში სასჯელაღსრულების სამსახური წარმოშობილ რისკებს გაუმკლავდა.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მას დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.