ილია მეორე: ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ეკლესია–მონასტერში წირვა–ლოცვა ტარდება.
დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ
ილია მეორემ მრევლი დალოცა და გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი ნანობს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში... წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, შვილები. წმინდა გიორგი იყოს სრულიად საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველი“, – ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.