თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 46%-ს, ბავშვების ჩათვლით, კორონავირუსის იმუნიტეტი ამ დრომდე არ აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ია და აღნიშნული მაჩვენებელი სულ უფრო იკლებს. მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ ხდება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციის დაცვა, როგორიცაა თავყრილობა – ისევ ტარდება დიდი ქორწილები, ქელეხები, აქციები“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, პანდემიაზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. ვიდრე არ მოხდება ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და რეგულაციების დაცვა, საქართველოს პანდემიის ახალი ტალღების გადატანა მოუწევს.
21 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.095.168 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.106.359 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 38,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 979.607 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 20 ნოემბერს აიცრა 4.638 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 812.246 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11.498 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 70-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ბოლო დღე-ღამეში 76 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, რამაც მასობრივი ხასიათი 5 ივნისიდან მიიღო, როდესაც ქვეყანაში მილიონ დოზაზე მეტი Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებში შემოვიდა.