თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება

ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია, გარდა ღონისძიებათა სერიის გახსნისა და დახურვისა
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამზადებს 1920-1930-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში - 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
შაბათს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება წიგნის „1920-იანი წლების ქართული კინო“ პრეზენტაცია. წიგნი-ალბომი მოიცავს საინტერესო სტატიებს გასული საუკუნის იმ პერიოდში მოღვაწე ქართველ რეჟისორებზე, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალებს. წიგნის რედაქტორები არიან კინოკრიტიკოსები ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.
მერაბ ნინიძე „აზიურ ოსკარზე“ საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ „ელისოს“ (1928 წ.) რეტროსპექტივა. „ელისოს“ გარდა, მაყურებელო დიდ ეკრანზე პირველად ნახავს 1920-იან წლებში შექმნილ და ახლად აღდგენილ ქართულ ფილმებს: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „არსენა ყაჩაღი“, „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“, „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ და სხვა.
რეტროსპექტივა დაიხურება 19 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ივანე პერესტიანის ფილმით „არსენა ჯორჯიაშვილი“, რომელიც 100 წლის წინ, 1921 წელს არის გადაღებული. სეანსის დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები შეასრულებენ კომპოზიტორ ნიკა ფასურის მუსიკას, რომელიც მან სპეციალურად ფილმისთვის შექმნა.
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულია
წიგნის პრეზენტაციის და რეტროსპექტივის გარდა, პროექტი „ქართული კინო1920-1930“ მოიცავს საჯარო ლექციების სერიას, რომელიც 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ეროვნულ არქივში გაიმართება.
ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით. ამ დროისთვის რუსული „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში 60-მდე ფილმი დაბრუნდა, აქედან 34 რესტავრირებულია.
1920-1930 წლების რეტროსპექტივაში მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ყველა ფილმის ჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება უფასოა, გარდა გახსნისა და დახურვის ღონისძიებებისა. თუმცა, პანდემიის გამო, ეროვნული არქივის კინოთეატრში მხოლოდ 70 სტუმარი დაიშვება.