შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტს და ევროპის სარდლობას თანადგომისთვის.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. გუშინ, 19 ნოემბერს, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი გადასცეს. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს „ცივი ჯაჭვის“ ინვენტარი, „ცივი“ ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგის მოწყობილობები, ბასრი ნარჩენების უსაფრთხო ყუთები, მაცივარი მანქანები (ვაქცინმზიდები) და ვაქცინის ადმინისტრირებისათვის საჭირო შპრიცები გადაეცა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
„აშშ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პარტნიორს ყველა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკური, თავდაცვითი, ჰუმანიტარული, სოციალური თუ სხვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს აშშ-ს შესაბამის ინსტიტუციებთან. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და დახმარება პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში. სხვა დონორებთან ერთად ამერიკა ერთ-ერთი წამყვანი დონორია ამ პროცესებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
აღნიშნული დონაცია თბილისში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის - USEUCOM ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.