მიხეილ სააკაშვილმა საკვების მიღება დაიწყო

ექიმის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი იღებს საკვებს მკაცრად გაწერილი სქემის მიხედვით
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ჰემატოლოგ ნინო შარაშენიძემ.
კონსილიუმის წევრებმა დღეს ექს-პრეზიდენტი გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს. სააკაშვილი შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გორის ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს.
„მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია... ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, დაისახა მკურნალობის ანუ კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა, შეფასდა სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეული ჩივილები, რაც, როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ადეკვატურია.
როგორ ჩაიარა სააკაშვილის შესახლებამ გორის ჰოსპიტალში: პირადი ექიმის და ადვოკატის შეფასება
ის იღებს საკვებს სქემის მიხედვით, რადგან კვების დაწყება შიმშილობის შემდეგ რთული პროცესია და ის საჭიროებს მნიშვნელოვან მონიტორინგს. კვების სქემა დეტალურად არის გაწერილი და ის ზედმიწევნით სრულდება, განაცხადა შარაშენიძემ.
შარაშენიძის თქმით, ექიმები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, ის მაინც საყურადღებო რჩება, განაცხადა კონსილიუმის სხვა წევრმა, ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ.
„ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ შეგვიძლია მოდუნება და შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები, ცხადია, არა. უნდა იყოს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება, ძალიან ყურადღებიანი მონიტორინგი. ამის ფონზე ჩვენ ველოდებით იმას, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება, ჯერჯერობით სრულად ამისგან გარანტირებული არ ვართ“, – განაცხადა ცისკარიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
კონსილიუმის წევრები სააკაშვილისთვის კვების აღდგენის სქემას შეიმუშავებენ
გორის ჰოსპიტალი პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და აღნიშნა, რომ ის სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვდნენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.