პრეზიდენტმა სააკაშვილზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დაამშვიდებს საზოგადოებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას ქვეყანაში.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. გადაწყვეტილება საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ და რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა, ქვეყანაში სტაბილურობას ემსახურება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკვე 50–ე დღეა შიმშილობს, მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. ახლა ექს–პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება შემდეგი მოვლენები. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
„მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
ის ასევე მიესალმება პარლამენტის დეპუტატის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. ხოშტარიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად 17 დღის წინ მიამართა.
„მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციის ნაწილი მზადაა, საქართველოს პარლამენტში დაბრუნდეს>>
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, როგორც კი სააკაშვილს ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ.
„დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.