თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ამ საკითხის უკრაინის კონსულთან და თავის ერთ-ერთ ადვოკატთან ნიკა გვარამიასთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ აცნობა.
ხელისუფლებამ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.
„მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას... მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა... იმედია, ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
თავად დეპუტატი გლდანის ციხესთან იმყოფება და ელოდება, როდის მისცემს ციხის ადმინისტრაცია მას სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას.
უფრო ადრე ექს-პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. მან ამის თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დადებითად შეაფასეს სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირების ინიციატივა. გარდა ამისა, შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მან პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 17 დღის წინ მიმართა.
ხელისუფლებამ მანამდე სააკაშვილის, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება დაასახელა, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტის მომხრეები მის გასათავისუფლებლად შეიძლება კლინიკის შტურმით აღებას შეეცადონ. სუსში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.