თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ვარშავა მზადაა, დააფინანსოს პოლონეთი–ბელარუსის საზღვართან შეკრებილ არალეგალ მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მიგრანტებს გააგებინონ ვარშავის პოზიცია და დაარწმუნონ – შინ დაბრუნდნენ.
„მიმაჩნია, რომ მიგრანტების სახლებში დაბრუნებას საზღვრების დაცვის სოლიდარული და მტკიცე პოლიტიკით უნდა მივაღწიოთ. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამაში და დავაფინანსოთ ფრენები ბელარუსიდან, მინსკიდან ბაღდადში, ერბილში, სტამბულში ან სხვაგან. თუმცა ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ხელოვნურად გამოწვეულ მიგრაციულ მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ძალიან მტკიცედ გავაკეთებთ“, — განაცხადა პრემიერმა.
ამასთან მორავეცკი 18 ნოემბერს არ დაეთანხმა ბელარუსში შეკრებილი მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერანაირი შეთანხმება, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პოლონეთსა და მთელ ამ სიტუაციას, ვერ შედგება პოლონური მხარის მონაწილეობის გარეშე.
მანამდე მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მთელი ევროკავშირის საზღვრებს იცავს და სწორედ მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული ევროკავშირის ბედი მილიონობით მიგრანტის საფრთხის წინაშე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ მათეუშ მორავეცკის, რა დროსაც „სრული სოლიდარობა" გამოხატა ვარშავის პოზიციის მიმართ მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლაში.
ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბრიდან, როდესაც იქ რამდენიმე ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრის იმედით. პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვრის დაცვა გააძლიერა და რამდენჯერმე აღკვეთა კიდეც მიგრანტების მის ტერიტორიაზე ძალით შეჭრის მცდელობა. ვარშავა მიგრაციულ კრიზისში მინსკს ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მიგრანტების გაძევების შესაძლებლობები არ გააჩნია.