თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტი მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანოს.
„სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“, ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს... კრიზისის მიზეზი ამ ქვეყანაში ბევრია, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ პარტია პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს.
ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოაცხადა. დეპუტატების მთავარი მოთხოვნა იყო ციხეში მოშიმშილე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და მისი გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
„ლელომ“ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და აქტიურად მონაწილეობს სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში.