თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ფიჯის გუნდს აქვს სუსტი მხარეები და მის შეგირდებს კუნძულელების დამარცხება შეუძლიათ, ამის შესახებ ბორჯღალოსნების მწვრთნელმა განაცხადა ტესტ-მატჩის წინ, რომელიც 20 ნოემბერს მადრიდის გარეუბანში გაიმართება.
„ჩვენ ვიცით ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, მას საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება", – მოჰყავს მაისაშვილის სიტყვები საქართველოს რაგბის კავშირს.
თავდაპირველად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი თბილისში უნდა გამართულიყო. მაგრამ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო გადაწყდა თამაშის გადატანა ესპანეთში ნეიტრალურ მოედანზე.
მატჩი „მფრინავ ფიჯელებსა" და „ბორჯღალოსნებს" შორის მეექვსე იქნება მეტოქეების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით 4:1. ქართველმა მორაგბეებმა ერთადერთი გამარჯვება 2016 წელს (14:3) წყნარი ოკეანეს ტურნეს დროს მოიპოვეს.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.