თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთი–ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისი იმ ახალი შეტევებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს, რომელსაც მოსკოვი თითქოს უკრაინის მიმართ ამზადებს, წერს РИА Новости გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით, რომელსაც მორავეცკიმ ინტერვიუ მისცა.
როგორც რუსული სააგენტო აღნიშნავს, დასავლეთი ბოლო დროს შფოთავს რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან „აგრესიული ქმედებების“ გაძლიერების გამო. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთს ჯარები საკუთარი ტერიტორიის საზღვრებში თავისი შეხედულებებისამებრ გადაჰყავს, ამით რუსეთი არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.
„არაფერია გამორიცხული. ჩვენ არ ვიცით, რას გეგმავენ ისინი. შესაძლებელია ისიც, რომ საზღვარზე კრიზისი მხოლოდ ახალი სამხედრო შეტევებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს, რომლებსაც პუტინი ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ“, — განაცხადა მორავეცკიმ ინტერვიუში.
მან გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო ზეწოლა ეფექტს გამოიღებს და ბელარუსში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 20 ათას კაცზე შენარჩუნდება.
„როდესაც [მიგრანტების] ნაკადის შემოდინება შეჩერდება, ევროკავშირი შეძლებს ამ ხალხს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს“, — მიაჩნია პოლონეთის პრემიერს.
ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ბოლო პერიოდში რამდენიმე ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრის იმედით. პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვრის დაცვა გააძლიერა და რამდენჯერმე აღკვეთა კიდეც მიგრანტების მის ტერიტორიაზე ძალით შეჭრა. ვარშავა მიგრაციულ კრიზისში მინსკს ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მიგრანტების გაძევების შესაძლებლობები არ გააჩნია.
რუსეთი მიგრაციული კრიზისის გადაჭრაში შუამავლად გვევლინება. კრემლში ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ბელარუსის ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარება. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შექმნილ ვითარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელ ანგელა მერკელთანაც იმსჯელა. პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს მიგრაციულ კრიზისთან, თუმცა მოსკოვი ყველა ღონეს ხმარობს პრობლემის გადასაჭრელად.