თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მხრიდან „ახალი პროვოკაციების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს.
„17 ნოემბრის 17:54 საათიდან 22:52 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები... სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან შესვენებებით ცხრილავდნენ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოთხშაბათს, საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე და ქილისალის მთის მიდამოებში შეიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.
სომხური მხარის ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო, 13 ტყვედაა აყვანილი, ხოლო კიდევ 24-თან კავშირია დაკარგული.
თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთთან საზღვარზე ბრძოლებში შვიდი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ათი კი დაიჭრა.
არსებული ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს და განუცხადა მათ, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს მათ ვითარების დასტაბილურებაში. როგორც რუსული უწყება აცხადებს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ შეწყდა ბრძოლები სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე.