თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს შეხვდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.
დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
სამშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით შეტევა დაიწყეს და ქვეყანაში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ათამდე ერთეული ჯავშანმანქანა. სომხური მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები, ეს მონაცემები ზუსტდება. ასევე ცნობილია, რომ სომხურმა მხარემ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაძაბული რჩება, გრძელდება საბრძოლო ოპერაციები. ბაქოს განცხადებით, სომხური მხარის ქმედებებზე საპასუხოდ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმტყორცნები.
საბრძოლო შეტაკებები კილისალის მთის მიდამოებში (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი) შეწყდა მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ბაქოელ და ერევნელ კოლეგებთან.