მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ

თბილისის მერია საახალწლო მატარებელსა და დეკორაციებში 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ საახალწლოდ დეკორატიული საახალწლო მატარებლისა და ახალი საახალწლო სათამაშოების შეძენა გადაწყვიტა, შესაბამის ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.
ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „ღამის შოუ სტუდიამ“, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია „თბილსერვისჯგუფს“ 105,8 ათას ლარად გადასცემს.
„ღამის შოუს სტუდიის“ წინადადება იყო ერთადერთი აღნიშნულ ტენდერზე, რომელიც 3 ნოემბერს გამოცხადდა.
დეკორატიული მატარებელს ექნება ერთი ღია ვაგონი, სადაც იქნება განლაგებული სათამაშოები.
თბილისში საახალწლო დეკორაციებს განაახლებენ
რაც შეეხება საახალწლო სათამაშოებს, ისინი სხვადასხვა ტიპის იქნება - მანათობელი სანთლები, ანგელოზები, თოვლის ბაბუები. მერია აღნიშნულ პროდუქციას 10 დეკემბრამდე მიიღებს.
გარდა ამისა, თბილისის მერია ნაძვის ხის საახალწლო განათებისა და სათამაშოების შეძენას, ასევე ნაძვის ხის რესტავრაციას აპირებს.
ამისთვის მერია მზადაა 100 ათასი ლარი დახარჯოს. ტენდერებში გამარჯვებულები ჯერ არ გამოვლენილა.