კალაძე გამგებლებს: თუ შეტყობინებებზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს თქვენ აგებთ

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მკაცრი გააფრთხილა – ყურადღებისა და რეაგირების გარეშე არ დატოვონ მოსახლეობიდან შემოსული არცერთი ზარი.
„საზოგადოება ჩვენგან უფრო მეტს ელოდება, ამიტომაც განსაკუთრებული მიდგომა გამოიჩინეთ თქვენს რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისა და ინფორმაციის მიღებისთვის“, – განაცხადა კალაძემ ოთხშაბათს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძე: სოციალური პროექტების დაფინანსება 100 მილიონი ლარით გაიზრდება
მან რაიონების გამგებლებს მოუწოდა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციის დამყარებისა და მათი პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრისკენ. მერმა მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები გამგეობებში რეკავდნენ და პარკებში ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციას ტოვებდნენ, რასაც შესაბამისი პირების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მსგავს შემთხვევაზე პასუხს აგებს არა კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც შენიშვნას მიიღებს ან დაჯარიმდება, არამედ თქვენ, რაიონის ხელმძღვანელები“, – მიმართა კალაძემ გამგებლებს.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პოსტი მეორე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.