თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ, 16 ნოემბერს, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევიდა. ჯგუფის მიზანი იყო შეეფასებინა, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა დღეს, 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები.
„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“, - აღნიშნულია სამედიცინო დასკვნაში.
ექსპერტების ინფორმაციით, 48 დღიანი შიმშილობის შედეგად დადასტურდა:
ვერნიკეს ენცეფალოპათია;
პერსისტენტული ჰიპოკალიემია;
ანემია - თალასემია,
გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა; მაღალი სტრესული გარემო.
ამასთან, ჯგუფის ინფორმაციით. ყოფილი პრეზიდენტი სრულყოფილ მკურნალობაზე კვლავ უარს აცხადებს.
დასკვნის მიხედვით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში არაერთი გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის:
ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება - კომით,
ეპილეფსიური სტატუსით,
ჰიპოკალიემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი,
თირკმლის უკმარისობა,
გასტროინტესტინალური სისხლდენა,
შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი და სხვა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:
შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა;
მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი;
რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება;
პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი გადაუდებელი ხელმისაწვდომობა.
როგორც ექსპერტების დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, საჭირო გახდება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მათივე ინფორმაციით, ამაზე დაიკარგება დრო, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.