თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაცია App Store-დან ან Google Store-დან გადმოწერონ.
საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.
აღნიშნული აპლიკაცია მიერთებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ – იმუნიზაციის ბაზასთან და Covidlab-ბაზასთან, სადაც რეგისტრირდება ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც წარმოდგენილია QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად ინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.
მას, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შეუძლია იუსტიციის სახლში.
კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას გარკვეულ ობიექტებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.