სატელევიზიო საქმიანობა 2014 წელს ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის სტუდია „ნოვა ფროდაქშენში“ დაიწყო, მუშაობდა ცნობილ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“. ქართველმა მაყურებელმა გაიცნო ორიგინალური ნომრით, რომლის საშუალებითაც მუსიკალური პროექტის გამარჯვებული გახდა. დღეს კომპანია „ჯორჯიანარტპროჯექტის" სახელით ვარშავაში საქმიანობს და პროექტის ფარგლებში უკვე მოახერხა ქართველი ახალგაზრდების ცნობილ უცხოურ ტელეპროექტებში ჩართვა.
პოლონეთამდე სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთში, სადაც პუბლიკის წინაშე მისივე რეჟისორობით დადგმული შოუთი გამოდიოდა.
ბექა მაქაცარია
© courtesy of Beqa Maqacaria
- ბექა, თქვენს საქმიანობაზე საუბარი საქართველოდან დავიწყოთ, შემოქმედებითი აქტიურობით ჯერ კიდევ სტუდენტობიდან გამოირჩევით...
- თავის დროზე ალბათ ამიტომაც ავირჩიე მომავალ პროფესიად სცენის რეჟისორობა და პროდიუსერობა. ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ახლა აკადემიური მაქვს აღებული. 2012 წლიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თეატრალურ დასში მოვხვდი. იქ გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც ყველა ხელოვანი თავს მოიყრიდა. ჩამოვაყალიბე სტუდენტური გაერთიანება Seu Art Project, რომელმაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მოიცვა და ყველა მიმართულების ხელოვანი გააერთიანა. მიხარია, როცა ვიხსენებ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის სათავეში ვიყავი.
- რამდენად წარმატებული იყო ამ ახალგაზრდების პროექტის შემდგომი საქმიანობა?
- საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან მათი მონაწილეობით საქართველოს ყველა კუთხეში გვქონდა საკონცერტო გასტროლები. ჩვენი არტისტები ორიგინალური ნომრებით არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსების თუ პროექტების გამარჯვებულები და ლაურეატები. პროექტ „ნიჭიერის“ ფინალშიც მოხვდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავის შემოქმედებით გზას დღესაც აგრძელებენ. ზოგიერთმა თავისი სტუდიაც კი გახსნა.
- რაც შეეხება თქვენს სატელევიზიო საქმიანობას საქართველოში, შევახსენოთ მკითხველს, რომელ ტელევიზიაში და რომელ პროექტებზე მუშაობდით?
- 2014 წელს ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის სტუდია „ნოვა ფროდაქშენში“ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“ დავიწყე მუშაობა. 2018 წლიდან გადავედი ტელეკომპანია „იმედში“, სადაც სეგმენტ-პროდიუსერი ვიყავი. სტუდენტური პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში სამი სეზონი ვეწეოდი პროდიუსინგს. ვაწყობდით საინტერესო ივენთებს და სხვადასხვა ფესტივალებზე გამოვდიოდით. ბოლო პროექტი იყო „მეხელოვნება“, რომლის ფარგლებშიც ასმა ქართველმა ხელოვანმა გამოფინა საკუთარი ნამუშევარი: ნახატები, ფოტოები, სკულპტურები, ვიდეოები, ხელნაკეთი ნივთები. მასზე ჯამში 5.000 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და 15.000 დამთვალიერებელი ჰყავდა.
- ქართველმა მაყურებელმა თქვენ ორიგინალური ნომრით გიხილათ, შევახსენოთ მკითხველს, რაზეა საუბარი...
- ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ვუკრავ ღვინის ჭიქებზე. ამ ნომრით პროექტ „ნიჭიერში“ გამოვედი. მანამდე იყო ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიერ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შექმნილი მუსიკალური კონკურსი „მესმის მაესტრო“, რომლის გამარჯვებულიც ის იქნებოდა, ვინც უფრო კრეატიულად შეასრულებდა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებს. სპეციალურად ამ კონკურსისთვის მე და დედამ, მუსიკოსმა დალი მათიაშვილმა მოვიფიქრეთ ნომერი – მუსიკალური ნაწარმოების ჭიქებზე შესრულება. ამ ნომრით სოფო ნარიმანიძესთან ერთად გამოვედი და ჩვენ „ბადაგონის“ კონკურსის გამარჯვებული გავხდით. გადმოგვცეს პრიზი – საგზური მილანში, ლა-სკალაში. აქვე გავიხენებ, რომ დედა და მე უნივერსიტეტში ერთად ვმუშაობდით, მე – რეჟისორად, ის კი გუნდს და კამერულ ორკესტს ხელმძღვანელობდა. დღეს კერძო მოსწავლეები ჰყავს. იმ კონკურსში გამარჯვება პირველ რიგში მისი დამსახურებაა.
- თურქეთში რა პროექტები განახორციელეთ?
- ბოლო სამი წელია ჩვენი ჯგუფი თურქეთის კურორტებზე – ანტალიასა და ალანიაში მუშაობდა. ამ გასტროლებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან თანაცხოვრებას შევეჩვიეთ და დაგროვებული გამოცდილების შოუში გადმოცემა შევძელით. ხალხით სავსე დიდ ამფითეატრებში ვცდილობდით ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ როგორც ძველი, ისე თანამედროვე კულტურის გამოწვევებისთვისაც შეგვეძლო ღირსეული პასუხის გაცემა.
- რას წარმოადგენდა შოუ, რომლის რეჟისორი თავად იყავით?
- შოუს ერქვა „მანეკენის შოუ“. მისი ქორეოგრაფი ზუკა ბირკაია იყო. მასზე ჩვენმა მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და ილუზიონისტებმა ორიგინალური ხელოვნება აჩვენეს. მსოფლიო ხალხთა კულტურა წარმოჩინეს, რასაც თანამედროვე სპეცეფექტები ახლდა.
- ვარშავაში საცხოვრებლად როდის გადაინაცვლეთ?
- როდესაც პანდემია დაიწყო, ყველაზე მეტად ჩვენი სექტორი დაზარალდა. ორი წლის განმავლობაში პერფორმანსების წარმოდგენას იშვიათად ვახერხებდით. გადავწყვიტეთ საცხოვრებლად პოლონეთში გადმოვსულიყავით, რადგან აქ შედარებით სტაბილური სიტუაციაა. ამჟამად ვცხოვრობ ვარშავაში, სადაც ორ არტისტთან ერთად „ნიჭიერის“ ადგილობრივ პროექტში გავედი. ქართული საზოგადოებისთვის ზუკა ბირკაიასა და ოთო კაჭარავას წარმატებების ამბავი უკვე ცნობილია. ამ ეტაპზე ვცდილობ, რომ ის შემოქმედებითი საქმიანობა, რასაც საქართველოში ჩავუყარე საფუძველი, ევროპის მასშტაბით გავზარდო.
- ჭიქებზე შესრულებული თქვენი ნომერი თუ იხილეს პოლონელებმა?
- ვარშავაში ორ ადგილზე ვმუშაობ: კურიერად და მუსიკოსად ქართულ რესტორანში, სადაც სწორედ ამ ნომრითაც გამოვდივარ. ხშირად ვუკრავ ვარშავის ქუჩებში, ტურისტულ ადგილებში. აქ ჩინელების გამოგონილი ერთბორბლიანი ელექტრო-ველოსიპედით დავდივარ. სხვათა შორის, ამ ბორბლით „ტიკტოკის“ კონტენტი მე შევქმენი და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ამ ტრანსპორტით მოძრაობა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კურიერები ვარშავაშიც ამ ტრანსპორტით მოძრაობენ და მეც ავყევი. აქ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან აქტიური შეხება მაქვს. დასვენების დღეს ვიკრიბებით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ამჟამად ვცდილობთ შევქმნათ სივრცე, რომელიც ევროპაში მყოფ ხელოვანებს გააერთიანებს.
- ყველა ქვეყანას აქვს თავისი კანონები და წესები, რისი არცოდნაც უხერხულ სიტუაციაში გაგდებს, რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
- როდესაც ვარშავაში ჩამოვედით, აქ მცხოვრებმა ქართველებმა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მეტროს სადგურში ყვითელი ბარათით ჩავიდოდით, სადგურზე გაჩერება შეგვეძლო, ხოლო თუ ვიმგზავრებდით, დავჯარიმდებოდით. ეს ფაქტი არ გამკვირვებია, რადგან მიუნხენში სწორედ ასეა – იქ ბილეთის გასატარებელი ბარიერიც არ არსებობს და ბილეთს მხოლოდ მატარებელში გიმოწმებენ. სადგურზე ყოფნა კი უბილეთოდაც შეგიძლია. მეც დავუჯერე და ჩემ ათ მეგობართან ერთად სადგურზე არა სამგზავროდ, არამედ TikTok-ის ვიდეოს გადასაღებად ჩავედი. რა თქმა უნდა, ათივე დაგვაჯარიმეს, ჯარიმა საკმაოდ სოლიდური თანხა აღმოჩნდა. ამიტომ როდესაც ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ადგილობრივ წესებს აუცილებლად უნდა გაეცნო, რომ უხერხული სიტუაცია თავიდან აირიდო...
- ალბათ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, პოლონეთშიც უფრო ქართული, ნაციონალური სახის პროექტები აინტერესებთ...
- ჩემდა გასაკვირად, ვარშავაში ბევრი ქართული პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ოქტომბერში აღინიშნა „თბილისობა“, რომელსაც თავადაც დავესწარი და ამ ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც მივხვდი, და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, პოლონელებს ქართული კულტურა ძალიან უყვართ. ასევე ძალიან მოსწონთ ქართული ნაციონალური სამზარეულო. როცა იქ არსებულ ქართულ რესტორანში შევედი, იმდენი მსურველი იყო, რომ გრძელ რიგში დგომაც მომიწია.
- პოლონური შოუბიზნესის წარმომადგენლებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
- დიახ, აქ უკვე გავიცანი ჩემი თაობის პოლონელი პროდიუსერები, რომლებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის სასარგებლო იყო. იმედი მაქვს, კოლეგების გაცნობას ევროპის სხვა ქვეყნებშიც შევძლებ. ძალიან მინდა, რომ უცხოეთში ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები წარმოვაჩინო და მათ საქმიანობის განვითარებაში დავეხმარო. მჯერა, რომ პანდემიას დავამარცხებთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაშინ კი, როცა ყველაფერი დამთავრდება, ისევ ბევრს ვიმოგზაურებთ და ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ყოველ შემთხვევაში, მე იმედიანად და პოზიტიურად ვარ განწყობილი...