საქართველოში პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ

საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ასაკით პენსიონერების პენსია გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
მინისტრის თქმით, 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
რამდენი პროცენტით გაეზრდებათ ხელფასები საჯარო მოხელეებს
შესაბამისად, ახლა 70 წლამდე პენსიონერები მიიღებენ 20 ლარით მეტ პენსიას – 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერები – 25 ლარით მეტს, 300 ლარის ოდენობით.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2022 წლის საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 794,4 ათასი ადამიანი, აქედან 70 წელს ზემოთ – 417,4 ათასი.