თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საკრებულოს ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათთან ერთად ერთმა ექიმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მოშიმშილეები უერთდებიან უკვე რამდენიმე ადგილზე მიმდინარე აქციას და ითხოვენ ექს-პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
„ამ მოთხოვნით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში შიმშილობას დაიწყებენ საკრებულოს არჩეული წევრები მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია“, – აღნიშნა წითლიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
დღესვე ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობა რუსთავის საკრებულოს ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც („ნაციონალური მოძრაობიდან“) დაიწყო.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 46 დღის წინ გამოაცხადა.
სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტში მე-13 დღეა შიმშილობს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. კვირას შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც.
დეპუტატების თქმით, შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ამავე მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველდღიურად ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.