თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტიორობის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წესდების თანახმად, პროგრამა მიმართულია ევროკავშირის ექვს ქვეყანასთან ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.
უწყების ინფორმაციით, მინისტერიალი ორშაბათს გაიმართება. როგორც წესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტის მთავარ თემებს განიხილავენ.
„დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სამიტის დეკლარაცია; აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა; ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ შავი ზღვის პოტენციალის ათვისება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზალკალიანი კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში.
მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ბელარუსმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და შეუდგა ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების „გაყინვის“ პროცედურას.