თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ნოემბრის ბაშოს პირველ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირას იუტაკაიამას უნდა შეხვედროდა.
ტოჩინოშინმა ტრავმა ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო. სუმოს იაპონური ასოციაციის განცხადებით, სრული აღდგენისთვის ქართველ სპორტსმენს ორი კვირა დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის კიუშუ ბაშოს გამოტოვებს. თავად გორგაძეს იმედი აქვს, რომ დოჰიოზე უფრო ადრე დაბრუნდება.
ტოჩინოშინმა უკვე ზედიზედ მეხუთედ დაასრულა ტურნირები უარყოფითი ბალანსით. თუ ასეთივე შედეგი დაფიქსირდა კიუშუ ბაშოზე, დიდი ალბათობაა, რომ მას სუმოს უმაღლესი დივიზიონის დატოვება მოუწიოს. ფაქტობრივად ეს 34 წლის გორგაძის კარიერის დასრულება იქნება.
კიუშუ ბაშო 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.