თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მომხრემ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერია – მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი გადაკეტა „მშვიდობის ხიდთან“, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით წავიდნენ მარჯვენა სანაპიროსკენ. აქტივისტები სკანდირებენ „მიშა, მიშა“ და ასფალტზე ტოვებენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. მსვლელობის წინ უკავიათ პლაკატი წარწერით „არ მოკლათ“.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები, წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე აკონტროლებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს საპროტესტო მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ყოველდღე ატარებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა. სასამართლო წარმოებაშია კიდევ სამი საქმე. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.