თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებს თავისი პარტიისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს.
როგორც ხოშტარია აცხადებს, ვინაიდან იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 13 დღეა შიმშილობს, მისი პარტიის ოფისი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 46 დღის წინ გამოაცხადა, 8 ნოემბერს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი ამის წინააღმდეგი იყო. მისი ადვოკატები, პირადი ექიმი, მთელი ოპოზიციური სპექტრი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
„ამ კრიტიკულ მომენტშიც თქვენ მოგმართავთ და იმედი გვაქვს, კიდევ ერთხელ მოვაგროვებთ საერთო ბრძოლისთვის საჭირო თანხებს, რომელიც დაიხარჯება საპროტესტო აქცია/პერფორმანსების გასაგრძელებლად, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გასავრცელებლად; თბილისის ოფისის ხარჯებისთვის; აქციებზე დაკავებული აქტივისტების დასახმარებლად; პარტია „დროას" სახელით საქართველოში თუ სტრასბურგში წარმოებული სასამართლო დავებისთვის“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მხოლოდ წყალს სვამდა. შიმშილობის ცამეტი დღის განმავლობაში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მასთან სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს. ექიმები დეპუტატს დაჟინებით ურჩევენ საავადმყოფოში გადასვლას, თუმცა ხოშტარია ამას ჯერ არ თანხმდება.
კვირას შიმშილობა კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. დეპუტატები პარლამენტის შენობაში შიმშილობენ, ბარამიძე კი პარტიის სათავო ოფისში. შიმშილობა ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემაც დაიწყო. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ რუსთავსა და ზუგდიდშიც.
ყველა მოშიმშილე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მას აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ.