ციხის საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

თანხმობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს PCR–ტესტი ჩაუტარდება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია კოვიდ-ინფიცირებულია. „Sputnik–საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ დაუდასტურა.
„დავით დარასელიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. ზუსტი რიცხვის თქმა არ შემიძლია. თუმცა აღვნიშნავ, რომ მას ვირუსი გამოუვლინდა სამოქალაქო კლინიკაში მისვლისა და იქ ჩატარებული პროცედურების შემდეგ. პენიტენციურ სამსახურში იგი არ ყოფილა“, – განაცხადა გედენიძემ.
მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ყველა თანამშრომელს დაწესებულებაში შესვლამდე ტესტირება უტარდება. ციხის საავადმყოფოში ყოფნის დროს დარასელია ინფიცირებული არ იყო.
უკრაინის ომბუდსმენმა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას წამება უწოდა
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დარასელიას კონტაქტი არ ჰქონია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
„შემიძლია ვთქვა, რომ იგი სააკაშვილს არ შეხვედრია“, – განაცხადა გედენიძემ.
მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის სააკაშვილს PCR–ტესტი უტარდება.
„ზუსტად ვერ გეტყვით, მას უკვე გაუკეთეს თუ არა ტესტი. თუ მსჯავრდებული ტესტის ჩატარებაზე დათანხმდება, ჩვენ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გედენიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს.
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა>>>
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა განაცხადეს, კორონავირუსი შეიძლება დაუდასტურდეს ექს-პრეზიდენტსაც, პენიტენციური დაწესებულება კი უკვე „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად უწყებამ უარყო.
სააკაშვილი, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს, 8 ნოემბრს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და ექიმების დიდი ჯგუფი, სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრი. პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია ამ მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს. გუშინ მის აქციას შეუერთდა კიდევ ცხრა დეპუტატი, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც. სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მის მხარდამჭერ პერმანენტულ აქციებს ატარებს.