ოპოზიცია ორშაბათს თბილისში ორივე სანაპიროს გადაკეტავს

აქციის მონაწილეები აპირებენ ხელისუფლებას გაუგზავნონ „ძლიერი სიგნალი" არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობის გამწვავების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 15 ნოემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალებს - სანაპიროებს გადაკეტავს, დაწერა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ თავის Facebook-გვერდზე.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით ყოველდღე მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„ხვალ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!“ - დაწერა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ცხრა დეპუტატმა გამოაცხადა
მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას და აღნიშნა, რომ შეკრების ზუსტი ადგილი დღეს საღამოს გამოცხადდება.
გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.
ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სტამბოლიდან მჩხიბავი ჩამოიყვანა და შსს-ს ჯადო გაუკეთა
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.