თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, შეიქმნას ექიმების კონსილიუმი მისი ეგიდით.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. მის ჯანმრთელობას, ციხის კლინიკის ექიმების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმი აკვირდება.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით“, - განაცხადა გვარამიამ.
მის მიერ შემოთავაზებული კონსილიუმი, პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის გარდა, შვიდი ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან ექსპერტ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, ფსიქოლოგი კახაბერ მიქაძე, ნევროლოგი ოთარ თოიძე, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავახიშვილი, ჰემატოლოგი მარინა აბაშიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან ბესელია. გვარამიას თქმით, კონსილიუმს ექიმი მარიამ ჯიშკარიანი უნდა გაუძღვეს.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით. ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და ასევე ამ პარიტეტულ კომისიაში ჩვენი მხრიდან ამ რვა ადამიანის შეყვანას“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი დაცვის მხარე ენდობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ კონსილიუმს, მაგრამ შფოთავენ მისი წევრების შეცვლის გამო.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.