თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ გავლენა იქონია ყოველდღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობაზე, ბოლო სამი დღის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში 12 ნოემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7.800 ადამიანი, 11 ნოემბერს - 7.103, 10 ნოემბერს - 6.356, 9 ნოემბერს - 6.976, 8 ნოემბერს - 5.254.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო... თუ დააკვირდებით ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, დინამიკა დადებითია. ჩვენ 5 დღის წინ დღიურად 1.200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 ათასზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა - გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.
საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას არ ემხრობა და მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.041.209 აცრა. 12 ნოემბერის მონაცემებით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,7%.