თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95,92% აუცრელი იყო. ასეთ სტატისტიკას აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზირებულთა შორის აუცრელი იყო 94,4%, ხოლო COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის არავაქცინირებული იყო 98,96%.
მძიმე ეპიდვითარების ფონზე, მედიკოსები ვაქცინაციის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასთან, მოუწოდებენ მოსახლეობას დაიცვან წესები, ატარონ პირბადე და თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს.
გასულ კვირას საქართველოს მთავრობა ახალი ინიციატივებით გამოვიდა და ე.წ. მწვანე სტატუსის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.894 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.
გარდა ამისა, 10 ნოემბრიდან შესაძლებელია 12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით არის შესაძლებელი.
13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.041.209 აცრა. 12 ნოემბერის მონაცემებით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,7%.